ვიცხოვრებ ხის სახლში, კარგ ადამიანებთან ერთად. მთელი ბავშვობა, მინდოდა "შტაბი", რომელიც იქნებოდა ხეზე, და რომელიც არ ჩამოინგრეოდა, იმიტომ, რომ მყარად იქნებოდა გაკეთებული. კიდევ, მინდოდა ტელევიზორი ყოფილიყო ამ შტაბში. ძალიან პატარა ტელევიზორი, აი მაღაზიებში, რომ უდგათ ისეთი. მივხვდი, რომ ახლაც ისევე მინდა გამძლე "შტაბი", პატარა ტელევიზორით, როგორც ეს 6 წლისას მინდოდა. არავინ არასდროს მეტყვის სახლი დაალაგე, რადგან კარგ ადამიანებს, ეცოდინებათ, რომ არ მიყვარს სახლის დალაგება. არც არავინ მეტყვის მუსიკას ჩაუწიეო, რადგან კარგ ადამიანებს მუსიკა ეყვარებათ თან ჩემთან ერთად ბებიაჩემი არ იცხოვრებს... და არც გარშემო იქნებიან მეზობლები.
ამიტომ, როცა მე დიიდი გოგო გავიზრდები, ავიხდენ ოცნებას და მექნება სახლი ხეზე.
ტყეში ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ასკეტურ ცხოვრებას. ყოველი შემთხვევისთვის მე არ ვაპირებ მოვწყდე სამყაროს, ჩიტების ჭიკჭიკს ვუმინო და ლექსები ვწერო. ჩემი ტყე ახლოს იქნება ქალაქთან. მნიშვნელობა არ აქვს ეს საქართველოს ქალაქი იქნება, ევროპის თუ ამერიკის. მთავარია მე მომწონდეს და თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ჰოდა ამ ქალაქში, რომლის მახლობლადაც მე ვიცხოვრებ, ყოველ დღე ვივლი ველოსიპედით. გავერთობი მეგობრებთან ერთად, ვივლი კინოში, კონცერტებზე, მაღაზიებში, კლუბებში...ამიტომ, როცა მე დიიდი გოგო გავიზრდები, მექნება ველოსიპედი.
[00:36 - ამ წუთებში აქციას არბევენ რუსთაველზე. ყველა არხი გათიშულია, მხოლოდ მაესტრო აჩვენებს, ისიც ხანდახან ითიშება. შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს, მაგრამ მე მჯერა, რომ საქმე აქამდე არ მივა.]
ბევრისგან განსხვავებით, არასდროს გავუღიზიანებივარ ქუჩაში მოსიარულე უცნაურად ჩაცმულ-დახურულ ადამიანებს. არ ვთვლი, რომ უცნაურად და სულელურად მხოლოდ იმიტომ იცმევენ, რომ გარშემო მყოფების ყურადღება მიიქციონ.
მეგობრებთან ერთად ყველა შესაძლებელ და არაშესაძლებელ არაადეკვატურობებს ჩავიდენ. ვივლით ქუჩაში სხვადასხვა ფორმებში, ვირბენთ კოკისპირულ წვიმაში, მოვივლით მიტოვებულ სახლებს, მაგრამ ეს იმიტომ არა, რომ ხალხის ყურადღება მივიქციოთ ან ფეისბუქზე ავტვირთოთ სურათები და მერე "აუუ რა ვიგიჟეეეეთ" - ტიპის კომენტარები დავწეროთ...უბრალოდ იმიტომ, რომ ცხოვრება გავიმრავალფეროვნოთ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ამიტომ, როცა მე დიდი გოგო გავიზრდები, ვიყიდი სპაიდერმენის ფორმას.: )
***

არა, არა, მხოლოდ გართობით არ უნდა შემოიფარგლოს ჩემი ცხოვრება. პრაქტიკული ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ იმდენი მაინც მესმის, რომ რაც არ უნდა მინიმალისტური ცხოვრების სტილით ვიცხოვრო, მაინც დამჭირდება შემოსავალი. ჰოოდა ვთარგმნი წიგნებს. თან მიყვარს კითხვა და მუშაობის პროცესი ფაქტიურად გართობა იქნება. ამიტომ, სანამ დიდი გოგო გავიზრდები, ინგლისური და ფრანგული კარგად უნდა ვისწავლო. (თუ მოვასწარი, სხვა ენებიც)რა თქმა უნდა მექნება საყვარელი ველოსიპედი, მაგრამ მას მხოლოდ ტყიდან - ქალაქში გადაადგილების ფუნქცია ექნება. რატომღაც ველოსიპედით "მსოფლიოს" შემოვლის იდეა არ მომწონს. (დეჟა ვუ მქონდა ამ წუთას, თითქოს ადრეც ამიკრიფავს ეს ტექსტი) ავტო სტოპით მოგზაურობას მაინც სხვა ხიბლი აქვს. მართალია ჯერ არასდროს წავსულვარ ავტოსტოპით არსად, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც გამიმართლებს, მეგობრებს დავითანხმებ და მთელ მსოფლიოს თუ არა, ევროპას მაინც მოვივლით. ნუ ევროპის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას მაინც... ჰო, კაი, ჰო... საქართველოზეც თანახმა ვარ : ) ამიტომ, როცა დიდი გოგო გავიზრდები, ცხოვრების დიდ ნაწილს მოგზაურობაში გავატარებ... იეა...
***
ამერიკული გორკები. ჩემი ერთ ერთი ყველაზე დიდი ოცნება. ოღონდ ნამდვილი ამერიკული გორკები და არა ისეთი, მთაწმინდის პარკში, რომ დადგეს., ამიტომ, როცა დიდი გოგო გავიზრდები, მე ნამდვილ ამერიკულ გორკებზე დავჯდები და ერთი დღე აღარ ავდგები.![ხვალ აღლუმია დაგეგმილი. 26 მაისის აღლუმი. შეიძლება აქციის მონაწილეებმა ჩაშალონ, მაგრამ რაღაც არამგონია ამდენი მოახერხონ.]
***
ერთი.. ორი.. სამი... არა, მაინც ვყოყმანობ. ჰო კაი... ეხლა უკან ვერ დავიხევ... და არც მინდა, რომ დავიხიო... მაინც მოვიკრიბე სხეულში გაფანტულ სიმამაცე და ...ჯამფ! მგონია, რომ სადაცაა იმ ხეებს შევასკდები ქვემოთ, რომ არიან და რომ ვუახლოვდები.. თუ მიახლოვდებიან? თვალებს ვხუჭავ, სუნთქვა მეკვრის. მუცელში ისეთი შეგრძნება მაქვს, ლიფტში რომ მაქვს ხოლმე. აი ლიფტი რომ ქვემოთ ჩადის და ამ დროს მუცელშიც რაღაც, რომ ადის და ჩადის. ოღონდ ეს გრძნობა გაორმოცმაგებული. ვაიჰ,.. უცებ ტკააპ და ვგრძნობ, რომ რაღაცამ დამიჭირა... ეს რაღაცა - თოკია... აქეთ იქეთ ვქანაობ, ჯერ აზრზე არ ვარ მოსული, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ რამდენიმე წამის წინ მაგარი რაღაც მოხდა. რამდენიმე წამის წინ დავფრინავდი. არა, რამდენიმე წამის წინ კინაღამ დავფრინავდი... არა, რამდენიმე წამის წინ მე ეს წინადადება დავწერე...[01:10 რამდენიმე წამის წინ გამოაცხადეს, რომ რამდენიმე ჟურნალისტია ნაცემი აქციის დარბევის დროს] მე რომ დიდი გოგო გავიზრდები, აუცილებლად გავფრინდები.
***
ეს არის ჩემი საყვარელი კაცის - საყვარელი ინსტრუმენტი. არის ძალიან იოლი და ამავ დროულად დიდი დატვირთვის მატარებელი. ამიტომ და ამგვარად, როცა მე დიდი გოგო გავიზრდები, ვისწავლი ტუჩის გარმონზე დაკვრას.
***
ფლეშმობი, არის გართობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. გარშემო მყოფებსაც ართობ და შენთვითონაც ერთობი ჯერ- მათი გაოცებული სახეების , და შემდეგ- მათი მხიარული სახეების დანახვისას...როცა დიდი გოგო გავიზრდები, აუცილებლად მივიღებ ფლეშმობში მონაწილეობას :-)

სია მაქვს ჩამოწერილი, იმ მომღერლების და ჯგუფების, რომელთა კონცერტზეც სიამოვნებით მოვხვდებოდი. ასეთი კი, ძალიან ბევრია. ჯერჯერობით არცერთის გვერდით არ მიმიწერია "პწიჩკა" მაგრამ იმედია, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და როცა დიდი გოგო გავიზრდები, ამასაც მოვახერხებ. (როგორც ზევით დაწერილები მოვახერხე)
[მეორე დღე - 26 მაისი. დილიდან სააკაშვილის ხმამ გამაღვიძა... აღლუმი ჩატარდა.]
***
მეყოლება ბუ, რომელსაც ერქმევა ბუ. ბუს სახელი არ ჭირდება, რადგან მსოფლიოში ყველაზე მაგარი სახელი ქვია ფრინველებს და ცხოველებს შორის. ბუ <3 ნამდვილად აქვს საბაბი, რომ იამაყოს, რადგან ქართულად ასეთი სახელი ქვია. ფრინველებს პატივს ვცემ, მაგრამ რომელიმე მათგანის სახლში ყოლის სურვილი ჯერ არ გამჩენია. ზედმეტად დებილები არიან. ჰოდა ბუ ერთადერთი გამონაკლისია. შეიძლება, მხოლოდ გარეგნულად ეტყობა, რომ ჭკვიანია და სინამდვილეში ინდაურის ტვინი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ რბილი ბუმბული აქვს და ეს სრულიად საკმარისია. ჭკვიანური გამომეტყველება და რბილი ბუმბული - ამაზე კარგი შერწყმა რა უნდა იყოს ! ***

ყველას გაცნობა შეიძლება, თუ ძალიიან მოინდომე, მაგრამ მე შეუძლებელი მინდა გავიცნო... ბენქსი... ეგ როგორ უნდა გავიცნო არ იცით ? არც მე. მაგრამ ფაქტია, რომ მისი გაცნობა ძალიან მინდა. ჰოდა აქ მაინც ძირითადად ოცნება ნარევი სურვილები წერია და ბენქსის გაცნობაც ერთ-ერთი მათგანი იქნება. ამიტომ, როცა მე დიდი გოგო გავიზრდები, ბენქსის გავიცნობ (და თუ ჩემი ამბიციები უფრო შორს წავიდა, დავუმეგობრდები კიდეც)
***
წავალ კოსმოსში... ცოტა ხნით... მთელი ბავშვობა, ხომ კოსმონავტობა მინდოდა. მერე რა, რომ არც საბჭოთა კავშირში დავიბადე და არც ბიჭი ვარ... კოსმოსში გაფრენაზე ოცნებას, რათ უნდა ან ერთი ან მეორე... უბრალოდ მინდა დედამიწას შორიდან შევხედო... და ალბათ ყველა წყენა, იმედგაცრუება და სიხარული, რაც ამ ლურჯ სფეროსებრი ბურთში განმიცდია, ძალიან სასაცილო მომეჩვენება...
ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდები, ახალგაღვიძებული, აღარ გავიგებ ბურჯანაძის და მისი შვილის სატელეფონო საუბარს... აღარ გავიგებ, რომ ჩემი სახლიდან 1 კილომეტრში ხალხი კვდება, აღარ წავიკითხავ ფეისბუქზე შესული ამ თემაზე აღშფოთებულ სტატუსებს და კომენტარებს... აღარ დამთაგავენ დასისხლიანებულ ადამიანებზე, რადგან ადამიანები ერთმანეთს ასე აღარ მოექცევიან...აღარ მომიწევს პოსტში ამგვარ თემებზე წერა და დავწერ მხოლოდ მუსიკაზე და საინტერესო ამბებზე... როცა დიდი გოგო გავიზრდები, ვიცხოვრებ ხის სახლში, ბუსთან და რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად, ვივლი ველოსიპედით, გავერთობი, მუსიკას მოვუსმენ, ვიფრენ, და დავხატავ ბენქსისთან ერთად...
და როდის გავიზრდები დიდი გოგო?
იქნებ უკვე ვარ კიდეც...





No comments:
Post a Comment