Pages

Friday, May 27, 2011


Beach House - D.A.R.L.I.N.G.
Powered by mp3skull.com

შენ

როდესაც ძმა გაგაბრაზებს, თან ისე, რომ უდანაშაულო პულტს ესვრი, რომელიც ბევრ ნაწილად დაიშლება და ოთახში გაიფანტება, ელემენტი მეორე ოთახში გაიქცევა, ძაღლი გაყვება, ამ დროს არ იცი რა ქნა, გინდა, რომ ტელევიზორს ერთზე მეტი პულტი ქონდეს, რომ კიდევ გაუქანო ძმას, შეიძლება კიდევ ააცილო, მერე რა, სამაგიეროდ ცოტა სიბრაზეს მაინც გააყოლებ მეორე პულტს, რომელიც პირველი უდანაშაულო პულტივით ბევრ ნაწილად დაიშლება და ალბათ ელემენტი მეორე ოთახში გაიქცევა, მას კი ძაღლი კვლავ გაეკიდება, მაგრამ ტელევიზორს ერთი პულტი აქვს, ამიტომ ადგილს მოწყდები, გაიქცევი, პირველივე შემხვედრ ფეხსაცმელს ამოიცვამ, ძაღლს პირიდან ელემენტს გამოგლიჯავ, ჩამოაცვამ სასეირნო თოკს, აი აშეინიკს, რომ ეძახიან, თან ისე უხეშად, რომ დაიწკმუტუნებს, ამ დროს დაფიქრდები და მიხვდები, რომ ალბათ ყველაზე ცუდი თვისება, რაც ადამიანს ახასიათებს, - არის ბრაზის უდანაშაულო არსებებაზე ნთხევა, და ძაღლს ეხუტები, ის ეგრევე გპატიობს, ქუჩაში გარბიხართ,  დიდ ყურსასმენებს იკეთებ, ფანჯრის ქალი თვალს გაყოლებთ, უცებ წვიმაც იწყება, თითქოს ფილმში ხარ - წვიმა, მუსიკა, საშნელი განწყობა, ვერის პარკში მიიჩქარით, მხოლოდ შენ და ძაღლი მირბიხართ საპირისპირო მიმართულებით, ყველა გამორბის პარკიდან, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ფილმის ეფექტს, პარკში რამდენიმე პოლიციელის გარდა არავინაა, და ქვაზე ზიხარ მარტო, მოღუშული, მაგრამ უცებ ხედავ ლამაზ გოგოს, რომელსაც წინ ბავშვის ეტლი უდგას, ზის და ამ წვიმაში და რაღაცას ხელების ქნევით და მხიარულად უყვება, მთელი ენთუზიაზმით, ისე როგორც უყვებიან ადამიანს, რომელზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა სურთ და ხანდახან ტყუილსაც ურევენ ან გადაამეტებენ, რომ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ და შენ უცებ ხვდები, რომ დიდ სისულელეზე გაბრაზდი, არც პულტის მიმსხვრევა იყო საჭირო, შენ, ხომ მშვიდი ხარ, ყოველი შემთხვევისთვის ასეთი ჩანხარ, უცებ დაინახავ, რომ შენი ძაღლი გაოცებული გიყურებს, რაზეც გეცინება და ხვდები, რომ ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ ხარ რიგითი, ბანალური თინეიჯერი, რომელსაც ხანდახან დეპრესია იპყრობს და სრულიად უბრალო რაღაცაზეც, შეუძლია დიიიდი არაადეკვატურობა ჩაიდინოს, რომელსც საბოლოოდ არასასიამოვნო შედეგი მოაქვს, როცა ამას აცნობიერებ უფრო ცუდად ხდები, ჯობდა ისევ ძმის ბრალი ყოფილიყო, ცუდად ხარ და იქნები, თუ არ ჩართე Beach House.
(წინადადების დასასრული)

მე

ჩავრთე Beach House. ამაზე კარგი საუნტრეკი რა უნდა იყოს ჩემი ფილმისთვის. ფილმის შინაარსი ხომ ასეთია: თინეიჯერი, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხვდა, რომ ყველაზე ბანალური თინეიჯერია... სევდიანი, მელანქოლიური სიმღერები, ძალიან კარგი მელოდია და რომელიც ზუსტად იმ დროის და გარემოს შესაფერისია, რომელშიც მე 2 კვირის წინ ვსველდებოდი. ალბათ იმიტომ მიყვარს მუსიკა ასე ძალიან, რომ მოგონებებთან, განცდებთან და შთაბეჭდილებებთან მაკავშირებს. ცხოვრება, ხომ სწორედ ამ სამი რაღაცისგან შედგება. ჰო, ეხლა დავფიქრდი და უფრო დავრწმუნდი, რომ ძირითადად ეს სამი გრძნობა  მართავს ადამიანს. ვზივარ, ვსველდები და ვუყურებ, ლამაზ დედას (სავარაუდოთ), რომელიც ეტლში მჯდომ ბავშვს რაღაცას უყვება ღიმილით - კოკისპირულ წვიმაში. რა კარგი სანახაობაა და უფრო ლამაზი, წვიმის ხმაურის და Beach house-ს ფონზე. იქნებ შორიდან მეც ლამაზი ვარ, პატარა ძაღლთან ერთად, მოწყენილი სახით, გაჩეჩილი... მაგრამ არა, მე ხომ რიგირთი ბანალური თინეიჯერი ვარ.  და თან ამას ცოტა ხნის წინ მივხვდი.

ისინი
და როდის შეიქმნა? - 2004-ში.

რა ჟანრია? - ინდი, დრიმ პოპი.
ვინ არიან? - ვიქტორია ლეგრანი, ალექს ქეილი.
საყვარელი სიმღერები? - Silver Soul, Walk in the Park, Used To be, Norway, Gila, Zebra.
საყვარელი ალბომი? - Team Dream
როდის უნდა მოსმინო? - იხ. ზედა ორი აბზაცი.
სხვა დროს არა? - რა თქმა უნდა კი.
ამათ ერთმანეთი უყვართ? - შეიძლება...
შენ გიყვარს ისინი? - კი.
იმათ უყვარხარ? - არა.
რატომ? - არ მიცნობენ.
რომ გინცობდნენ ეყვარებოდი? - არ ვიცი
რატომ? -არც ეგ.
რა არც ეგ? - არც ეგ არ ვიცი.
როგორ გამოიყურებიან? -



ჩვენ
ჩემი ფილმი ჰოლივუდში არ გადაუღიათ, მაგრამ მაინც ჰეფი ენდი აქვს.
პარკში წვიმამ გადაიღო, მზე გამოვიდა, ლამაზი დედა ამბის მოყოლას მორჩა და ეტლიანად სახლში წავიდა, ჩვენც სახლში წავედით, პულტი მძიმედ არ დაშავებულა,  ძმას შევურიგდი, ჩემი ძაღლი მუხლებზე მიწევს და სიყვარულს მიხსნის, Beach house ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს... პოსტი დამთავრდა.

No comments:

Post a Comment